
"სირცხვილია": "არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ხმების გადათვლას ვითხოვთ"
02/11/2020 16:50:50 საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა "სირცხვილია" აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხმების გადათვლას მოითხოვს.
როგორც მოძრაობაში აღნიშნავენ, ცსკ-ს აღარ აქვს საზოგადოების ნდობა და ამიტომ შედეგების გადათვლის პროცესი პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.
"31 ოქტომბერს 1 970 540-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელთა უმრავლესობამ ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისცა. თუმცა ეს არჩევნები პირველ რიგში, მოგვპარეს ჩვენ, ხალხს! ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ხმების გადათვლას!", - ნათქვამია მის განცხადებაში.
2 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ცსკ–ის შედეგები კი არალეგიტიმურად გამოაცხადა.