„ამას დემოკრატიული არჩევნები არ ჰქვია... წინ რთული დრო გველის“

02-11-2020 17:52:49 პოლიტიკა ,კომენტარი

ამას დემოკრატიული არჩევნები არ ჰქვია,– ასე აფასებს „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია 2020 წლის 31 ოქტომბრის მოვლენებს, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა უნდა გადაეწყვიტა.

შეფასებისას პოლიტილოგი მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემურ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, სხვადასხვა პოსტსაბჭოური ინსტრუმენტების ერთობლიობით, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსით ეს სისტემა მხოლოდ ხელისუფლებების სასარგებლოდ მუშაობს და შესაბამისად, მათ არც ცვლილების მოტივაცია აქვთ:

„თუ ქვეყანას სურს, იმ მიზნებისკენ წავიდეს, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება ჰქვია, ასეთი არჩევნებით წინ ვერ წავიწევთ. ქვეყანას, რომელშიც თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, იქ არავინ დაელოდება. როგორც თავის დროზე მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა, არჩევნებთან დაკავშირებითაც იგივეა გასაკეთებელი – სისტემაა შესაცვლელი. თუ ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიები არ შეთანხმდებიან, კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ რეჟიმში და საერთაშორისო რეიტინგებში კი არ დავწინაურდებით, პირიქით. ამ კუთხით ეს არჩევნები ნამდვილად იყო ჩავარდნა და სამომავლოდ ეს ალბათ, ასახვას ჰპოვებს შეფასებებში“

მართალია, საქართველოს პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკის ნაკლებობა არც არჩევნებამდე იგრძნობოდა, თუმცა პოლიტოლოგი სამომავლოდ ტონის გამკაცრებას არ გამორიცხავს:

„თუ ქვეყანა სტაგნაციაში შევიდა, რისი ნიშნებიც სახეზეა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება: ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ევროკავშირში წევრობისკენ მიილტვოდეს, ანომალიაა!“.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, შიდა პოლიტიკური ვითარების კუთხით ქვეყანა რთულ პერიოდში შედის. ამ კონტექსტში ის რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ხელისუფლება ისედაც პრესინგს განიცდის: ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ მისი ლეგიტიმაცია ძალიან მყიფეა: არავინ დავობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე ხმების 40%–ზე მეტი მიიღო, მაგრამ მთლიანობაში, ეს არაა ისეთი მონოლითური ხელისუფლება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ნებისმიერი კრიზისის დროს შესაძლოა, ბზარი გაჩნდეს და ხელისუფლებამ თავისი ვადა ვერც კი ჩაასრულოს: ვიცით, რომ ჯერ–ჯერობით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ვალებით ვარსებობთ და შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები - არავინ იცის. შესაბამისად, ბუნებრივია, განწყობები შეიცვლება – მხარდაჭერა ხომ მუდმივი არ არის. თუ ხელისუფლებამ სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით შედეგი ვერ დადო (და ჩანს, რომ ვერ დადებს), ზამთარი და ეპიდვითარება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და ხელისუფლება ამ კრიზისულ ვითარებას თავს როგორ გაართმევეს? წინ რთული პერიოდი გვაქვს“.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, უარი თქვას სადეპუტატო მანდატებზე, პოლიტოლოგი არ თვლის, რომ რადიკალიზაცია შედეგიანი იქნება და პანდემიის გათვალისწინებით, ვერც მოქალაქეთა იმ რაოდენობის მობილიზების რესურსს ხედავს, რომელიც მიზნის მისაღწევად იქნება საკმარისი.

კაკაჩია ოპოზიციის მიერ გასათვალისწინებელ შესაძლო რისკებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მანდატებზე უარის თქმა ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ, უნდა შევიდნენ პარლამენტში და იქ დაიწყონ ბრძოლა თითოეული ოლქისთვის. რაც მე ვნახე, უბნებზე საოცრებები ხდებოდა! ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს და მოსვენება არ მისცეს მმართველ პარტიას; წამოაყენოს საკანონმდებლო წინადადებები, მათ შორის - საარჩევნო სისტემის საერთაშორისოსთან შესაბამისობაში მისაყვანად. თუ ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, ამისთვის ვინ იბრძოლებს?! მათ ხომ ამომრჩევლების წინაშეც აქვთ ვალდებულება! გარდა ამისა, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებამ ისე გაიგოს, როგორც საჭიროა და გამოვა, რომ მხოლოდ ხელს შეუწყობენ მმართველი პარტიიდან მომდინარე ნარატივს „რადიკალური ოპოზიციის“ თაობაზე. გარკვეული რისკიც კია ხელისუფლების მხრიდან პროცესის მარგინალიზაციის - „ნახეთ, როგორი ოპოზიცია გვყავს: პარლამენტში არ შედიან, გარეთ ფეხებს აბაკუნებენ და ასეთ ვითარებაში გვიხდება ქვეყნის მართვაო“,– ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ „ბრძლის სხვა მეთოდებიც არსებობს და საზოგადოებაც მხარს დაუჭრეს მათ, იცის რა, რომ სერიოზული პრობლემები იყო საარჩევნო პროცესში“.

ინფორმაციისთვის: ცსკ–ის მონაცემებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პარტია იქნება წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ სცნობს. მიუხედავად ამისა, ბოიკოტის შესახებ საერთო ოპოზიციური შეთამხმება ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არაა – პარტიათა ნაწილმა კონსულტაციებისთვის მცირე დრო აიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები