
"როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს, პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა"
27/06/2019 07:24:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.
"როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს, პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა",- ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე გავრცელებულ ინფორმაციას.
აბესაძის თქმით, მას ევალება, რომ საზოგადოების მოთხოვნა შეასრულოს და მინისტრი გიორგი გახარია გადააყენოს ან თავად გადადგეს.
"სრული პოლიტიკური ბუტაფორია, რომელიც აქციის დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის ხელწერა არ იყო რეზინის ტყვიები და მისმა მინისტრმა გახარიამ რამდენიმე წუთში რეზინის, პლასტმასის და ცხოველის საწინააღმდეგო ტყვიები დაუშინა აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, დევნიდა და დასდევდა მათ ქუჩაში. ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა. ერთი რამ, რაც მას ევალება ცხადია, ეს არის საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნის შესრულება - გადააყენოს გახარია ან თავად დატოვოს თანამდებობა თუკი მას ამის უფლებას არ აძლევენ“,-აცხადებს აბესაძე.