
ცსკ–სთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე ხმაურია
01/11/2020 00:05:20 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მათ შენობასთან მისასვლელი გზა ბლოკირებული აქვთ და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ცსკ–სთან მოიყარა თავი, შენობასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ადგილზე ხმაურია.
ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი კი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში იკრიბება. მათ შორის არიან "გირჩის", ლელოს", "ლეიბორისტების" წარმომადგენლები. მათი განცხადებით, კონსულტაციების შემდეგ სამოქმედო გეგმა განსაჯაროვდება. ამ ეტაპზე კი ცნობლია მხოლოდ, რომ ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს არ სცნობენ და არჩევნებს „ტოტალურად გაყალბებულად“ მიიჩნევენ.
"ამ ციფრებს არავინ ჩაგითვლით არჩევნებად - არც აქ, არც არსად, ბატონო ბიძინა! დილამდე ჩაასწორეთ, ეგებ რამე მოიფიქროთ, სინამდვილესთან ახლოს. თუ არა და დარჩებით ეულად. ბიძინას "გასაოცარი დემოკრატია" წარსდგება მსოფლიოს წინაშე შიშველ-ტიტველი, თავის ნამდვილი სახით. "პატრიოტთა ალიანსი" გეყოლებათ ოპოზიცია. წინ ძალიან მშიერი ზამთარი ელოდება ქართველ ხალხს და ცოტა ხანში თავზე დაგალეწავთ სოლოლაკის მთაზე შემომდგარ მაწვნის ქილებს",- აცხადებს ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი.