
ცსკ-ის ცნობით, 12 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა
31/10/2020 10:07:51 საშინაო პოლიტიკა
ცსკ-ის ცნობით, 12 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
“როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ეს არის კანონის დარღვევა და ამაზე გათვალისწინებულია შესაბამისი რეაგირება სისხლის სამართლის კოდექსში. საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა, ხოლო უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე თუკი, სამწუხაროდ, ხდება მსგავსი ფაქტები, ეს ცდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას”, — განაცხადა ცსკ–ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის: საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 – მაჟორიტარულით. მანამდე 77 დეპუტატი პარტიული სიით იყრიდა კენჭს, 73 — მაჟორიტარული ოლქებიდან.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
ბოლო მონაცემებით, ცსკ-ის სიაში 3 526 022 ამომრჩეველი ფიგურირებს. საქართველოს 14 170 მოქალაქე კი ხმის მიცემას უცხოეთში შეძლებს – 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იმოქმედებს (მათგან ორი – ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებითვის).
საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.