Accentnews.ge
"2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია"

"2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია"

31/10/2020 05:48:53 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2016 წელთან შედარებით პარტიის მხარდაჭერა გაზრდილია.

მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევის შედეგებისთანახმად, მმართველი პარტია საპარამენტო არჩევნებში 55–დან 60%–მდე ხმების მოპოვებას შეძლებს.

"2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია. ამას ადასტურებს ყველა კვლევა და ეს არის განპირობებული იმით, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი კონსოლიდირებული გუნდი, რაც მთავარია, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება. ...ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პროგრესული გუნდი, რომელიც მშვიდობიან მომავალს ყველაზე უკეთ მოახერხებს. ... ჩვენი მიზანია, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ პირველ ტუში, თუ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩავერთვებით სამართლიან ბრძოლაში", – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, "ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას, იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია":

"ჩვენ მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთვის ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ადამიანების გვერდით და რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენი თანამოქალაქეები დგანან ჩვენს გვერდით, სახელმწიფოს გვერდით და თავისი უკეთესი მომავლისათვის. რასაკვირველია, ხელისუფლება ერთი მხრივ სრულად, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას, იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია".

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S