
დემონსტრანტები რუსთაველზე: "არ გამოვა ამ ამბების მელიაზე გადაღუნვა"
26/06/2019 17:35:59 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს გამოეხმაურნენ.
"მემგონი, ისევე როგორც ყველა მართალ ადამიანა ეკადრება, ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ პირველი დამნაშავე გახარიაა. ჯერ გახარია დაიჭირეთ!",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.
აქციის ერთ–ერთმა წამყვანმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ყურადღების გარეშე არავის დატოვებენ.
"თავად მელიას კატეგორიული თხოვნა იყო, რომ ეს აქცია არ გადაიქცეს მისი დაცვის ღონისძიებად. ასევე, მისივე თხოვნა იყო, არ გვეხსენებია ის, მაგრამ რა იქნებაოდა ჩვენი ქართველობა, თუ ერთ ადამიანს მაინც მივატოვებდით სისტემასთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ის, თუ არა?! ყველას აქვს დაცვს უფლება, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. ვერავინ ვერავის ვეღარ დაჩაგრავს არ დაუშვებთ, უმრავლესობას რომელიმე უმცირესობა დაჩაგროს. არა ჩაგვრას!..არ გამოვა ამ ამბების მელიაზე გადაღუნვა. მთავარი დამნაშავე გახარიაა და ის პასუხს აგებს",– განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. მას პარლამენტთან მხარდამჭერები შეხვდნენ და მელია უკვე მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. როგორც მელიამ აღნიშნა, ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.