რუსეთმა ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა
29/10/2020 09:38:22 მსოფლიო
რუსეთმა ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 366 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის 17 717 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 27 301 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 581 693 შემთხვევა.
კორონავირუსის მეორე ტალღა რუსეთში სექტემბერში დაიწყო. თვის განმავლობაში ახალი პაციენტების დღიური რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე გაიზარდა, ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ზრდა განაგრძო და ახლა უკვე 17 ათასს ასცდა.
14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებს მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განუცხადა.
მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით.
პირველი რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მერისმეტად მცირე რაოდენობაა.
იხილეთ ასევე: კითხვები რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 180 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 842 000–ზე მეტი ადამიანი, 32 772 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 გარდაიცვალა.


