აზიის განვითარების ბანკი საქართველოს დამატებით 200 მლნ.სესხს გამოუყოფს
29/10/2020 08:47:33 ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პანდემიით მიყენებული ზიანის აღდგენისთვის სესხის სახით დამატებით 200 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. ADB-ის ცნობით, აღნიშნული იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის შესარბილებლად.
„ამ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად; ასევე კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.


