მინისტრის განმარტავს, არის თუ არა მოლოდინი, ქვეყანაში ფქვილი დეფიციტური გახდეს, შესაბამისად, გაძვირდეს
29/10/2020 07:17:28 ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორბალთან დაკავშირებით რიგი ექსპერტების პროგნოზებს სპეკულირება უწოდა.
მისი თქმით, პროდუქტზე გარკვეულმა ინფლაციურმა ტალღამ გადაიარა.
„ბევრი სპეკულაციაა შემდგომი სეზონისთვის, როგორი იქნება ხორბალი, მაგრამ ჯერ სეზონის დასაწყისია, ამიტომ სპეკულირება უფრო ფართოა. ძირითადი სპეკულაციები და პროგნოზებია, როგორია კლიმატური პირობები, რა მოსავალს უნდა ველოდოთ შემდეგში. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე ქვეყანაში მოსავლის შემცირებისა, ეს სხვა ქვეყანაში მოსავალმა დააკომპენსირა და საერთო ნაშთები არ გამოიყურება კრიტიკულად მსოფლიოში. იგივე ჩვენს რეგიონში – ევრაზიაში გამოჩნდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ავსტრალიაა. მან მოახერხა ბაზარზე შემოსვლა და იგივე რუსულ ხორბალზე მოთხოვნის დაკომპენსირება. ჩვენ ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით. ვაკვირდებით ნაშთებს საქართვლოში, რათა სასურსათო უზრუნველყოფაში წყვეტა არ იყოს – არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც. ამიტომ, როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, მიკვირს: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მართვა და კრიტიკულ ვითარებაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს“,– განაცხადა მინისტრმა.


