„AstraZeneca“–ს განცხადებით, მის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ხანდაზმულებში, სათანადო იმუნურ პასუხს იძლევა
27/10/2020 19:55:12 მსოფლიო
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის „AstraZeneca“ განცხადებით, მის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ხანდაზმულებში, სათანადო იმუნურ პასუხს იძლევა.
ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს.
"იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე ახალგაზრდებში", – აცხადებენ კომპანიაში.
ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპის შედეგების თანახმად, 56 წელს და ზოგ შემთხვევაში 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვაქცინის მიღების შედეგად იმ რაოდენობის ანტისხეულები გამომუშავდა, როგორც ახალგაზრდა მოხალისეების შემთხვევაში.
ამჟამად ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის წარმატების შემთხვევაში, კომპანია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის დასრულებამდე იყოს ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.


