Accentnews.ge
"მოდერნა": "COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ დაადასტურა, რომ უსაფრთხოა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში სათანადო იმუნურ პასუხს იძლევა"

"მოდერნა": "COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ დაადასტურა, რომ უსაფრთხოა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში სათანადო იმუნურ პასუხს იძლევა"

27/08/2020 07:51:03 მსოფლიო

ამერიკული კომპანია "მოდერნა", რომლის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდა ამჟამად დასკვნით ეტაპზეა, წარმატების თაობაზე იუწყება.

ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი აშშ–ში ​27 ივლისს დაიწყო, ცდა დღემდე გრძელდება და მასში 30 000–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. თუმცა ამ დროისთვის კომპანიამ ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოების გამოცდის პირველი ეტაპის მონაცემები იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

"ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოების გამოცდის პირველი ეტაპის მონაცემების თანახმად, წამალმა აჩვენა, რომ უსაფრთხოა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ხანდაზმულებში, სათანადო იმუნურ პასუხს იძლევა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, გამოვლინდა მსუბუქი გვერდითი მოვლენები", – განაცხადა "მოდერნას" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟაკლინ მილერმა.

მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოების გამოცდის პირველი ეტაპი შემდეგ სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა:

  • 18–დან 55 წლამდე
  • 56–დან 70 წლამდე
  • 70 წელს გადაცილებული პირები

"ცდის მონაწილეებმა ექსპერიმენტული ვაქცინის ორი 100–გრამიანი დოზა 28–დღიანი დაშორების ინტერვალით მიიღეს. ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ინაქტივაციას ახდენენ, ყველა მონაწილეში დაფიქსირდა, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ პირებში. რაც ყველაზე კარგი ნიშანია, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირი იმუნური პასუხი გამოვლინდა. როგორც წესი, ასაკოვან ადამიანებს ვაქცინებზე ხშირად აქვთ სუსტი მგრძნობელობა. ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, შემცივნება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები მორე დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 2 დღის განმავლობაში გასტანა", – განაცხადა ჟაკლინ მილერმა.

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 829 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 339 000–ს გადააჭარბა, 16 878 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1447-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1190 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S