Accentnews.ge
ფაშინიანის ცოლი აცხადებს, რომ ომში მიდის

ფაშინიანის ცოლი აცხადებს, რომ ომში მიდის

27/10/2020 07:03:19 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა აკოფიანი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ "ყარბაღში საზღვრების დასაცავად" წავა.

“ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ. ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი "ფეისბუქში" პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, 25 ოქტომბერს აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდებოდა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S