
იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები არეულობაში გადაიზარდა
27/10/2020 04:27:37 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული ახალი შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა.
დემონსტრაციები მილანსა და ტურინში არეულობაში გადაიზარდა. კერძოდ, ტურინში მომიტინგეების ნაწილმა მაღაზიები, მათ შორის "გუჩის" მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პოლიციასთან შეტაკებები მოხდა მილანშიც. „თავისუფლება! თავისუფლება!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც ქალაქის ცენტრში სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.
26 ოქტომბრიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. თუმცა, კონტეს განცხადებით, "მას არ სურს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რადგან ქვეყანა ხელმეორედ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს".
26 ოქტომბრიდან იტალიაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდა:
- ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00სთ–ზე დაიხურება. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია.
- დაიხურება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები.
- საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის) ფუნქციონირებას გააგრძელებენ მაგრამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საშუალო სკოლებში (11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის) გაკვეთილების 75% დისტანციურად ჩატარდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 37 479 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 542 789 შემთხვევა.