
ნიკოლ ფაშინიანი: "ჩვენ მზად ვართ მტკივნეული კომპრომისებისთვისაც კი"
27/10/2020 00:05:45 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის.
„მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად მოქნილები ვიყავით. მაგრამ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანს საკითხის დარეგულირება არ სურს: მათ სურთ ყარაბაღის კაპიტულაცია. ამასთან, მსგავსი მოთხოვნა ომამდეც არსებობდა. თუ ჩვენ რამეზე ვთანხმდებოდით, აზერბაიჯანს მეტი სურდა. ახლა მინდა, გკითხოთ, მზად არის სომხეთი კომპრომისებისთვის? ვფიქრობ, სომეხი ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენ მტკივნეული კომპრომისებისთვისაც მზად ვართ, მაგრამ კაპიტულაციისთვის არა! რაც არ უნდა შეუძლებლად ჩანდეს ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, მან უნდა მოძებნოს ეს რესურსი და დაიცვას საკუთარი უფლებები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვისას.
ცნობისთვის: 25 ოქტომბერს, აშშ-მ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდებოდა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. მას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მალევე მხარეებმა ზავის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
გასული ორი კვირის განმავლობაში, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთახმდნენ, მათ შორის რუსეთის შუამავლობით, თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა.
მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.