ორი მთავარი რეკომენდაცია NCDC–სა და მთავრობისგან
23/10/2020 08:07:00 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისა და საკოორდინაციო საბჭოსგან მოქალაქეების მისამართით ორი მთავარი რეკომენდაცია გაჟღერდა:
ატარეთ პირბადე გარე სივრცეშიც, განსაკუთრებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რთული ვითარებაა და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებზე, ბაზარში;
იცოდეთ ოჯახის ექიმის ვინაობა, საკონტაქტო ნომერი და იქონიეთ კომუნიკაცია მასთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში 23 ოქტომბერს ითქვა, რომ ამ ეტაპზე პირბადის ღია სივრცეში ტარების რეკომენდაცია მხოლოდ მკაცრი რეკომენდაციის ფორმას მოიცავს, თუმცა აღსრულების პროცესში შსს–ც ჩაერთვება და შემდეგში ჯარიმების დაწესებაც არაა გამორიცხული.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 24 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 183 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 751 პირი გამოჯანმრთელდა.


