Accentnews.ge
პანდემიამ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა არ უნდა დაგვავიწყოს

პანდემიამ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა არ უნდა დაგვავიწყოს

22/10/2020 12:37:57 ანალიზი

პანდემიის გამო გაჩენილმა სტრესმა უამრავი სხვა, არანაკლებ მტკივნეული პრობლემა დაჩრდილა. ამჯერად ნარკოდამოკიდებულება მაქვს მხედველობაში. აშშ საელჩოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოში 300 ათასზე მეტი ნარკომომხმარებელია. ეს ხალხი არსად გამქრალა და ისევ ჩვენს გვერდზე ცხოვრობს. პანდემია გადაივლის, ხოლო ნარკომოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები, კიდევ დიდხანს დარჩება. შესაბამისად, ამ სენის სამკურნალო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების მუშაობა არ უნდა შეჩერდეს.

თორმეტი ნაბიჯი გადარჩენისკენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა+“ ატარებს ნარკოდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას 12 ნაბიჯის მეთოდის მიხედვით, რომელსაც აგრეთვე „მინესოტას მოდელს“ უწოდებენ. მოდელი მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შექმნეს და მას შემდეგ არაერთი მკვლევარის მიერ იქნა საფუძვლიანად შემოწმებული. კვლევებში შეადარეს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტთა ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი მკურნალობას გადიოდა მინესოტას მოდელით, მეორე მეორე – „ტრადიციული“ მეთოდით. აღმოჩნდა, რომ მინესოტას მოდელის შემთხვევაში, მკურნალობა უფრო ეფექტიანი იყო. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნის თანახმად, „12 ნაბიჯი“ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მინესოტას მოდელით გადიოდნენ, უფრო ნაკლებ შემთხვევაში წყვეტდნენ მკურნალობას. და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მინესოტას მოდელის შემთხვევაში, რეციდივები ბევრად უფრო იშვიათად ხდებოდა. კერძოდ, ერთი წლის მანძილზე ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას ტრადიციულ მკურნალობაში ჩართული პაციენტების მხოლოდ 1,9% ახერხებდა, ხოლო მინესოტას სარებილიტაციო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა შემთხვევაში - 14%. სწორედ ამიტომ მეთოდიკას „12 ნაბიჯი“ 140 ქვეყანაზე მეტი იყენებს. ამ მეთოდზე დამყარებული სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობს ამერიკაში, კანადაში, ისრაელში, ესპანეთში, პოლონეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ უმრავლეს ქვეყნებში, ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში.

ყველა სახის დამოკიდებულება იდენტური სქემით ყალიბდება, ამიტომ აღნიშნული მეთოდი უნივერსალურია და დიდი წარმატებით გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ.

ამოცანა - პიროვნული ზრდა

მინესოტას მოდელის მიზანი მყარი რემისიის მიღება და მისი შენარჩუნებაა. დასახული მიზნის მისაღწევად უნდა შესრულდეს თერაპიის ძირითადი ამოცანა - ადამიანის პიროვნული რესურსების აქტივაცია, ანუ ნარკოდამოკიდებულის პიროვნული ზრდა. ყოველი კონკრეტული თერაპიული პროცესი ღრმად ინდივიდუალურია. ბენეფიციართან მუშაობს იწყება ნარკოტიკებსა და ალჰოკოლზე დამოკიდებულების ხარისხის და ამ ჩვევით მოტანილი ზიანის შეფასებით. ერთი კვირის შემდეგ ფსიქოლოგი ადგენს თერაპიის ინდივიდუალურ გეგმას, რომელშიც დაფიქსირებულია: 1) მთავარი პრობლემები და შესრულების ვადები; 2) რეალური მიზნები და ამოცანები. გათვალისწინებულია თავად ადამიანის აქტიური ჩართულობაც: ბენეფიციარი თავად წერს საკუთარი ავადმყოფობის ისტორიას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებულების მიერ პრობლემის გააცნობიერების ხარისხის და გამოჯანსაღების მოტივაციის შესაფასებლად.

მნიშვნელოვანი დეტალი: საკუთარი პრობლემის გაცნობიერება და გამოჯანსაღების მყარი გადაწყვეტილება აუცილებელი პირობაა. მოტივაციის არმქონე და კონტრაქტის პირობების შესრულებაზე უარის მთქმელი პაციენტები ჯგუფში არ მიიღებიან, ვინაიდან მათ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტიანი იქნება.

აი, რას ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი:

- ნარკოდამოკიდებულება სულის დაავადებაა და მისი დაძლევაც სულიერი ზრდით უნდა მოხდეს. მკურნალობას მრავალდისციპლინარული ჯგუფი ახორციელებს. გამოყენებულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები (მაგალითად, მითოდრამა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსები), ტარდება ჩავარდნის საპრევენციო ტრენინგები, თემატური ფილმების ნახვა-გარჩევა და ა.შ. ეს ყველაფრი ემსახურება ნარკოტიკის/ალკოჰოლის მიღების საწინააღმდეგო განწყობის შექმნას და ამ განწყობის ფიქსაციას. კვირაში ერთხელ ვატარებთ საერთო შეკრებას ნარკოდამოკიდებულთა ოჯახის წევრებთან და დაინტერესებულ პირებთან. კვირაში ერთხელ კი სულიერი გაძლიერების ჯგუფს, რომელსაც, მოთხოვნის შესაბამისად, გაუძღვება სასულიერო პირი, ან თეოლოგიის პედაგოგი. აგრეთვე, შეიძლება წაიყვანის თერაპიის ინსტრუქტორმა და კონსულტანტმაც. მუშაობა გრძელდება ექვსი საათი (1100-1700-მდე, ან 1200-1800-მდე) ერთსაათიანი შესვენებით. მთლიანად სამკურნალო პროცესი ნახევარ წლამდე პერიოდს, ან რვა თვეს მოიცავს. თერაპიის პროცესი მიმდინარეობს პაციენტის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით, ხოლო მისი ეფექტიანობის შეფასება ხდება მულტიგუნდის შეკრებაზე. პაციენტთან მისი ღირსებისა და ინდივიდუალობის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პიროვნული რესურსების გამოვლენა-აქტივაცია, უბრალოდ, ვერ მოხერხდება. ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული სენია; ამიტომ თერაპიის პროცესში ხდება ჩავარდნის (ანუ მოხმარების/ალკოჰოლის მიღების) რეციდივის შინაგანი და გარეგანი ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და საკუთარი ჩავარდნის კონკრეტული მიზეზების გაანალიზება შემდგომში ჩავარდნის თავიდან ასარიდებლად. ბენეფიციარმა საკუთარ პიროვნებაზე მუშაობა პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს.

მნიშვნელოვანი დეტალი: პანდემიასთან დაკავშირებით, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ხორციელდება დისტანციური თერმოსკრინინგი და ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება. ხოლო მუშაობის დროს, კი, აუცილებელია პირბადის გაკეთება.

ავტორი: მედეა გოგსაძე

მეთოდიკის და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შეიძლება აქ: https://www.facebook.com/HepaPlusOfficial/

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S