რაზე შეთანხმდნენ პრემიერი და ბიზნესმენები
20/10/2020 12:15:56 ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ბიზნესს რამდენიმე საინტერესო შეთავაზება გაუკეთა და მათგან ყველაზე საინტერესო ინვესტიციებს შეეხებოდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ფხაკაძემ აღნიშნა, რომ რიგი საკითხები განუხილველი დარჩა და მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
„პრემიერის მხრიდან რამდენიმე საინტერესო შემოთავზება იყო და ერთ-ერთს გამოვყოფ - პრემიერმა გვითხრა, რომ თუ მოხდება თუნდაც 5 მილიონის, მეტის ან ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა საქართველოში, შეიქმნება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ჯგუფი და ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. თითოეული კონკრეტული "ქეისის", თითოეული ინვესტიციის შემთხვევაში შეგვიძლია საკითხი დავაყენოთ და პრემიერმა დახმარება აღგვითქვა, რომ ყველა პრობლემას აღმოფხვრის ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
როგორ ფხაკაძე ამბობს, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა და ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება:
„მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმინობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადაგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების.
ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1 დეკემრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.
მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1 ნოებრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელვანი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვაა და ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან დაყენებული მოთხოვნებისადმი ადაფტაციისთვის მზადაა.
„ჩვენ ვუთხარით პრემიერს, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად ვართ ყველას ვუთხარათ, რომ მოუფრთხილდეს სამუშაო ადგილს, რამეთუ დღეს უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები, კიდევ უფრო მეტი ტვირთი იქნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვიდნა ის ტალანტი და პროფესიული კადრები დავკარგოთ, რომელსაც წლების განმავლობაში ვზრდიდით და ბევრი ენერგია და ინვესტიცია გავიღეთ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
ფხაკაძის თქმით, ბიზნესის ზოგადი განწყობა ნორმალური და პოზიტიურია და მსგავს შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს, მით უმეტეს, როცა ღია და გამჭვირვალე საუბარი მიდის.
„ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით გვითხრა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. პირდაპირ გვითხრა, რომ გამხნევებულია, ფორმაშია და ეს საკმაოდ ღირებულია ჩვენთვის, რადგან არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ბიზნესს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ხელისუფლებას თავისი და მოქალაქეებს - თავისი. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, არ უნდა მოვიდნენ სამსახურში, თუკი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ა.შ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სისტემური ჩაკეტვები არ იქნება, ჩაკეტვას მოყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა.
„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


