რას ყვებიან COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტები და მათი ახლობლები
19/10/2020 08:43:38 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და მათი ახლობლები სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილების და მათ მიერ ჯანდაცვის სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ აქტიურად წერენ.
გიორგი გოდერძიშვილი: „11 დღეა ვწევარ კლინიკაში . ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112 ში. და ვთხოვ რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი თუმცა ამაოდ.....
იტალიას რომ დავემსგავსებით მერე გაიღვიძებს ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული არ რეაგირებთ...!! იმოქმედეთ თორემ გვიანდება!!!!!! აქ, ამ კლინიკაში,იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია პაპები და ნუ აგვიანებთ გთხოვთ!!
პ.ს. მადლობა ჩვენს ექიმებს,ექთნებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და გვეხმარებიან ასეთ რთულ დროს!
და ბოლოს გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია!! ეს შეამცირებს სასიკვდილო ვირუსის გავრცელებას!“.
ელენე ხოშტარია: „თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ.
ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი ჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა!
48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება.
ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია?
რამე რომ გაურთულდეს ვინ აგებს პასუხს?
მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით“.
ეკა გრიგალავა: „ბათუმში ჩემს ბიძაშვილს თვითიზოლაციის 12 დღის მანძილზე არც ერთხელ არ შეხმიანებია ოჯახის ექიმი. როცა იქეთ დაურეკა, „რა ვქნა, 80 მყავს შენისთანა და ვერ დაგირეკე, რომ მომკვდარიყავი, კი გავიგებდიო“ –ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა“.
ნინო ორდენიძე: „წარმოუდგენელია, რაც ხდება! 48 საათია გასული და პაციენტის მდგომარეობა არ შეუფასებიათ: არც ანალიზი გაუკეთებიათ, არ ფილტვები მოუსმენიათ. თან კოვიდის დროს ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ფილტვებზე კატეა საჭირო. რას აკეთებდნენ მთელი ეს თვეები. ერთი ლაბორატორია არ არსებობს, ასეთ დროს ბინაზე რომ მივა“.
ნინო ხუჯაძე: „პარასკევს რომ დარეკავ და ორშაბათამდე ტესტს არ გაგიკეთებენ, „არ მუშაობდნენ მანამდეო“ – ეს როგორაა?“.
ნინო კოპალეიშვილი: „რაიონში მცხოვრები მოსახლეობა რატომღაც არ აინტერესებთ. ახლობელმა ტესტი ჩააბარა, იზოლაციაშია და ხუთი დღეა, პასუხი არ უთქვამთ. რამდენი ადამიანი ელოდება მის პასუხს“.
ბონა ვენტურა: „შუაღამის 12 საათზე აღებულ ტესტზე დილის 6 პაათზე პასუხი ჰქომდათ, „დაგიდასტურდათო. ეპიდემიოლოგები მოვლენო“, მოვიდნენ კი არა, არც მოუკითხავთ პაიენტი“.
ნინო ჯიშიაშვილი: „სასწრაფოს იქეთ უნდა ეუბნებოდეს პაციენტი, „იქნებ ფილტვებიც მოგესმინათო“, ბონუსად პულსიც გაუსინჯეს. გადაყვანით კიდე, „რგია ქალბატონო, რიგი“. მეორე ახლობელი ვირუსის დადგენიდან ოთხ დღეში გადაიყვანეს. სახლში კიდე იზოლაციას არც არავინ უშლის ხალხს, მაგრამ უყურადღებობაა“.
იხილეთ ასევე: „პაციენტი გონებას კარგავდა...სამი საათის შემდეგ სასწრაფო ჩვეულებრივი ეკიპირებით მოვიდა“ – ოჯახი ხარვეზებზე საუბრობს


