Accentnews.ge
კოვიდ–სასტუმროში 41 წლის მედდის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

კოვიდ–სასტუმროში 41 წლის მედდის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

16/10/2020 13:30:24 საზოგადოება

კოვიდ-სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თრომბოემბოლარულ გართულებას:

„მედიცინაში რთულია 100%–იანი რისკების გადაზღვევა, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია, ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით, სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კოვიდის მართვისას გამოიყენება ქართულ ბაზარზე არსებული მედიკამენტები. მისივე ქმით, სწორედ ამ მედიკამენტების გამოყენებით მოხდა პაციენტების გამოჯანმრთელება და ინფექციის წარმატებული მართვა.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ჩვენ ვიყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ზოგადად ქართულ ბაზარზეა და ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია ისაუბრო, როგორია რეალურად მედიკამენტის ხარისხი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში. ამ მედიკამენტებს ვიყენებთ ყველა სხვა პაციენტთან, მკურნალობის შედეგები რეალურად სახეზეა და ინფექცია წარმატებით იმართება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: კოვიდ–სასტუმროში 15 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ერთ–ერთ კლინიკაში მედდად მუშაობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S