რომელი შეზღუდვები წესდება და რომელი იხსნება ქვეყნის მასშტაბით
15/10/2020 09:55:34 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს მიჰყვება და არანაირი არანაირი მძიმე, სისტემური „ლოკდაუნი“არ იგეგმება.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათიდან დაიხურება, ხოლო 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა რეგიონში სასწავლო დაწესებულებების, რესტორნებისა და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა 19 ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა რეკომენდაციაა, რომ სადაც შესაძლებელია, სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს:
"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა დაწყებულიყო 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება. მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.
ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს. განათლების მიმართულება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ამიტომ, განათლების სამინისტროს შესაბამისი დავალებები აქვს მიღებული, რომ უმაღლეს დონზე იყოს უსაფრთხოების სტანდარტი დაცული".
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება.
„მას შემდგომ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად, ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლის არდგენაზე, პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტრომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება იქნება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკას უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში დაგვეხმარება. ამასთან, შემდგომ უკვე, ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მივცეთ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“.
ამასთან, გახარიას პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში დღიური ინფიცირების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.


