გახარია: „უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით, 1000–ს გადავაბიჯებთ და ეს ზრდა გაგრძელდება“
15/10/2020 09:31:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალი ალბათობით, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 1000–ს გადააჭარბებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა.
მისი თქმით, სადღეისოდ ქვეყანაში წესების, ელემენტარული დისციპლინის დაცვა, პირბადის ტარება პატრიოტიზმია, რათა დავიცვათ ეკონომიკა.
"ყველანაირი სპეკულირება, სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, უკიდურესად მიურებელი და ამორალურია. ჯანდაცვის სექტორი და მთავრობა ემზადებაოდა იმისთვის, რომ იქნებოდა ინფიცირებულების ზრდა, მთავარია ეს პროცესი ვმართოთ, რასაც ვაკეთებთ. ღიად გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 919 შემთხვევა გვაქვს, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გადავაბიჯებთ 1000–ს და ეს ზრდა გაგრძელდება. მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ გეგმაში შეტანილი გვაქვს და ავამუშავეთ, ამ დარტყმას გაუძლებს. ეს ნიშნავს, რომ კლინიკური მართვა გადალაგებულია: მოხდეს ადამიანების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მთავარია, მძიმე ფორმები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რისი დეფიციტიც ქვეყანაში არაა“,– განაცხადა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ასაკოვან ადამიანებს გაუფრთხილდნენ, ხოლო ასაკოვნებს მიმართავს, რომ შინ დარჩენის რეკომენდაცია კვლავ აქტუალურია.
გახარია აღნიშნავს იმასაც, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არაა.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.


