პუტინმა მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა
14/10/2020 13:59:08 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მთავრობის წევრებს მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განუცხადა.
მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ აღნიშნა, რომ ცენტრმა “ვექტორმა” სარეგისტრაციო მოწმობა უკვე მიიღო და რომ ვაქცინის კლინიკური ცდები 100 მოხალისეზე ჩატარდა.
"პირველი რუსული ვაქცინისგან - “Sputnik V”-ისგან განსხვავებით, რომელიც ვექტორულია, ანუ წარმოებული ადენოვირუსის საფუძველზე, ახალი ვაქცინა ერთ-ერთი პერსპექტიული სინთეტიკური პლატფორმის საფუძველზე შეიქმნა და პეპტიდურია, ანუ შემდგარი ვირუსული ცილების – პეპტიდების ხელოვნურად სინთეზირებული მოკლე ფრაგმენტებისგან, რისი მეშვეობითაც იმუნური სისტემა სწავლობს და სამომავლოდ სცნობს და ნეიტრალიზებას უწევს ვირუსს. ამასთან, ვაქცინა ხასიათდება რეაქტოგენობის არარსებობით და უსაფრთხოების მაღალი დონით", – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის: პირველი რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მერისმეტად მცირე რაოდენობაა.
იხილეთ ასევე: კითხვები რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე


