
ალიევი ერევანს მილსადენებზე შეტევის შემთხვევაში “მძიმე პასუხს” დაჰპირდა
14/10/2020 10:17:34 კავკასია
თუ სომხეთი შეეცდება მისი გეგმის რეალიზებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ საექსპორტო მილსადენებზე თავდასხმის თაობაზე, ბაქოს პასუხი “ძალზე მძიმე იქნება” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
«ამის შესახებ გაფრთხილება გავავრცელეთ. იმ ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებმაც 2021 წელს TANAP-ის მილსადენით გაზის მიღება უნდა დაიწყონ, ასევე უნდა გააფრთხილონ სომხეთი. TANAP მხოლოდ ჩვენი პროექტი არ არის, მას სხვა აქციონერებიც ჰყავს. TAP-ს ჰყავს ევროპელი აქციონერებიც და ეს პროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველანი დაინტერესებულები უნდა ვიყოთ შესაბამისი მილსადენების უსაფრთხოებით», – განაცხადა ალიევმა “Haber Turk”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზიანების მცდელობაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ეს “თავხედური სიცრუეა”. «ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა ის სამხედრო ობიექტი და სამიზნე, საიდანაც არცახის [მთიანი ყარაბაღის] მიმართულებით ცეცხლი გაიხსნება, განადგურდება», – აღნიშნა მან.
ბრიტანულმა კომპანია BP-მ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში თავისი პროექტების თანამშრომლებისა და ობიექტების უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობს.
მთიან ყარაბაღში ვითარება მკვეთრად 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.
სომხურმა მხარემ უკვე 532 მებრძოლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ყარაბაღის ომბუდსმენმა ართაკ ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულია, სულ მცირე, 31 ადამიანი.თავის მხრივ, ბაქო სომხეთის მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვისა და 214 დაჭრის შესახებ იუწყება. სამხედრო პირებს შორის თავის დანაკარგს ბაქო არ ამხელს.