გამყრელიძე: "დღეს ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია"
14/10/2020 07:55:08 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სადღეისოდ ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია, მათ შორის – დედაქალაქი, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი –297 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე „ცხელი წერტილი“ აჭარა იყო, თუმცა ამჟამად სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44% ახალი შემთხვევების. ასევე, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისზე მოდის. აქ გვაქვს 150 ახალი შემთხვევა, ანუ საერთო ინფიცირების 22% “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით


