
დავით ხიდაშელი: "რუკები ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია, სამშობლოს დავუბრუნე"
13/10/2020 16:50:15 საგარეო პოლიტიკა
დავით გარეჯის საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კარტოგრაფიული მასალა, რომლის საფუძველზეც საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.
ხიდაშელის თქმით, მან ქვეყანას დაუბრუნა მტკიცებულებები, რომლებმაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
ბიზნესმენი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მისი ოჯახისთვის "დიდი განსაცდელია".
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.
საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.
გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.
ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?", - აცხადებს ხიდაშელი.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ.