
ნიკა მელიას მანდატის საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს
25/06/2019 15:09:06 სხვა, სამართალი
"ნაცონალურ მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე პარლამენტის საპროცედური კომიტეტი ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა. როგორც ცნობილია, პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა, ხოლო მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
"ეს შუამდგომლობა მხოლოდ ახლა შემოვიდა. ცხადია ამაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაამის გადაწყვეტილებას. საზოგადოებამ ნახა, ბატონი ნიკნორი რა მონაწილეობას იღებდა ამ აქციების დროს. მე შეფასებებს არ დავიწყებ, მაგრამ საზოგადოება ინფორმირებულია. დამატებით პროკურატურის წარმომადგელები იქნებიან მოწვეული, მათგანაც მოვისმენთ. არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და შეუჩეროს უფლებამოსილება ბატონ ნიკანორს",– განაცხადა კახიანმა.
პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები: აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.