Accentnews.ge
დღეიდან მოსკოვში დამატებითი შემზღუდვები ამოქმედდა

დღეიდან მოსკოვში დამატებითი შემზღუდვები ამოქმედდა

12/10/2020 11:04:58 მსოფლიო

დღეიდან მოსკოვში დამატებითი შემზღუდავი ზომები ამოქმედდა, რომელიც ოფისებში დასაქმებული მოქალაქეების თითქმის მესამედის სახლიდან მუშაობას ითვალისწინებს. კომპანია, რომელიც აღნიშნულ წესს არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.

"მიმდინარე კვირა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. დედაქალაქის საავადმყოფოებში სულ უფრო მეტი კოვოდ–ინფიცირებული მკურნალობს და იზრდება კრიტიკულად მძიმე ძალიან მძიმე პაციენტთა რაოდენობაც", – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და დასძინა, რომ "რუსული ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება".

ბოლო პერიოდში რუსეთში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ მოსკოვში Covid-19-ით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ დაახლოებით 22 000 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: რუსეთმა ერთი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაარეგისტრირა, ხოლო 15 ოქტომბრისთვის მეორე რუსული ვაქცინის დარეგისტრირებას გეგმავს.

10 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. მსოფლიოს რიგმა მეცნიერმა და ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შესაძლოა, საშიში იყოს.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი არ არის გამჭვირვალე – ხელისუფლება არ ასაჯაროებს ვაქცინის ტესტირების შესახებ მონაცემებს. ამასთან, ვიცით, რომ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია – ანუ იგი არ გამოსცადეს ადამიანების ფართო სპექტრზე. აქედან გამომდინარე, იგი შესაძლოა, საშიში იყოს", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა 12 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 082 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 000 000–ზე მეტი ადამიანი, 28 384 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S