„როსპოტრებნადზორი“: "Covid-19-ის საწინააღმდეგო მეორე რუსულ ვაქცინას სავარაუდოდ, 15 ოქტომბრისთვის დავარეგისტრირებთ"
22/09/2020 10:16:55 მსოფლიო
რუსეთი Covid-19-ის საწინააღმდეგო მეორე რუსულ ვაქცინის დარეგისტრირებას გეგმავს.
"Covid-19-ის საწინააღმდეგო მეორე რუსულ ვაქცინას სავარაუდოდ, 15 ოქტომბრისთვის დავარეგისტრირებთ", – აცხადებენ „როსპოტრებნადზორში".
ვაქცინა ციმბირის ვექტორის ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი, რომელმაც ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველადი ეტაპი გასულ კვირას დაასრულა.
ცნობისთვის: 10 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. მსოფლიოს რიგმა მეცნიერმა და ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შესაძლოა, საშიში იყოს.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი არ არის გამჭვირვალე – ხელისუფლება არ ასაჯაროებს ვაქცინის ტესტირების შესახებ მონაცემებს. ამასთან, ვიცით, რომ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია – ანუ იგი არ გამოსცადეს ადამიანების ფართო სპექტრზე. აქედან გამომდინარე, იგი შესაძლოა, საშიში იყოს", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა 12 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 969 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 485 000–ზე მეტი ადამიანი, 23 114 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3913-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, ხოლო 22 გარდაიცვალა.


