საქართველოში COVID-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
12/10/2020 10:09:09 საზოგადოება
დღეს კორონავირუსული ინფექციით კიდევ ერთი, 93–ე პაციენტი გარდაიცვალა. ერთ დღეში რვა გარდაცვლილი პაციენტი საქართველოსთვის ანტირეკორდია.
არსებული ინფორმაციით, 55 წლის კაცი აჭარაში, კლინიკა "მედინაში" გადიოდა მკურნალობის კურსს. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.კლინიკაში მოთავსებისთანავე პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე შვიდი გარდაცვლილი პაციენტის შესახებ იყო ცნობილი: სამი – აჭარაში, სამი – თბილისში, ხოლო ერთი – საჩხერეში.
გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო.
დღეს, 12 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს, რას უკავშირდება გარდაცვლილთა ნეგატიური სტატისტიკის ზრდა. მინისტრი ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევები საწოლების ან სასუნთქი აპარატების რესურსს არ უკავშირდება.
"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებით იმ კრიტიკული პაციენტების რიცხვს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მკურნალობს. სწორედ მწვავე და კრიტიკული პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილობის მატება. ამას საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების რესურსთან კავშირი არ აქვს". - განაცხადა მინისტრმა.


