„ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთს რეგიონული გარანტორის როლს უნარჩუნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კი ეროვნულ განვითარებას უზღუდავს“

12-10-2020 12:42:36 კავკასია ,კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დენიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთს რეგიონული გარანტორის როლს უნარჩუნებს, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეროვნულ განვითარებას უზღუდავს.

როგორც ფრიდმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, პუტინის რუსეთი სამხრეთ კავკასიაში არც ომის მომხრეა და არც მშვიდობის.

„როგორც ჩანს, კრემლი გაყინული კონფლიქტის გამო კმაყოფილია. ეს კონფლიქტი მოსკოვს რეგიონული გარანტორის როლს უნარჩუნებს, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეროვნული განვითარების შესაძლებლობებს უზღუდავს. რუსეთი ჩართულია ასევე მინსკის ჯგუფში, რომლის გაცხადებული მიზანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაა. რაც შეეხება თურქეთს, იგი სავარაუდოდ, XIX საუკუნის სტილის დიდი პოლიტიკის როლს თამაშობს რეგიონში, ანუ იმ როლს, რომელიც რუსეთის აზრით, მხოლოდ მისი იყო. სამწუხაროდ, ეს არის დაშორება ერდოღანის მიერ ადრე გაცხადებული (კონსტრუქციული) საგარეო პოლიტიკური კურსისგან – ”ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

საქართველოს ნეიტრალური პოზიცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის შეფასებით, საქართველო სწორად იქცევა, ინარჩუნებს რა ნეიტრალურ პოზიციას.

„აშშ–ის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა არც საქართველოსთვის, არც ევროპისთვის, არც თავად აშშ–ისთვის არის კარგი. თბილისი სწორად იქცევა, როდესაც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკა – მუშაობა საფრანგეთსა და აშშ–სთან (რომელიც შესაძლოა, უფრო აქტიური გახდეს საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ) და მოწოდება დასავლეთისადმი, იმუშავოს ძალადობის დასრულებასა და საკითხის მოგვარებაზე, ვფიქრობ, სწორი მიდგომაა“, – განაცხადა ფრიდმა.

საერთაშორისო ჩართულობა

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის საუბრიდან იკვეთება, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სამხრეთ კავკასია აშშ–ის ინტერესთა სფეროს არ წარმოადგენს.

„მიმაჩნია, რომ აშშ საკმარისად არ არის ჩართული, რომ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივ ბიგუნი კარგად იცნობს რეგიონს და გამოცდილი და პატივცემული დიპლომატია, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპს ამ სახის საკითხების მიმართ ინტერესი არ გააჩნია“, – აცხადებს ფრიდი.

იგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირისადმი მოწოდებასაც ეხმიანება და აღნიშნულს მიზანშეწონილ ნაბიჯად აფასებს: "ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მართებულად მოუწოდა ევროპას,საბრძოლო მოქმედებების დასრულების საქმეში უფრო აქტიური როლი ეთამაშა“.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები