გამყრელიძე პოლიტიკოსებს მიმართავს
12/10/2020 08:01:14 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები გარე სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ.
„მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების", - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს:
"საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში მისვლა, დისტანციურად შეიძლება მუშაობა, ანუ მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და ასევე ის მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე, კვლავ ძალაში უნდა იყოს, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა", - განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: რა ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება თბილისში


