Accentnews.ge
რა ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება თბილისში

რა ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება თბილისში

12/10/2020 07:23:18 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სადღეისოდ მთავარ რეკომენდაციად რჩება პირბადის გამოყენება და ამ მიმართულ;ებებით ღონისძიებები გამკაცრდება.

რაც შეეხება დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას ან სხვა მიმართულებით აკრძალვებს მობილობის შესამცირებლად, ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოში ამ თემაზე საუბრობენ, თუმცა ეს არ არის ამ ეტაპზე მთავარი საკითხის გადაწყვეტისთვის.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სიმჭიდროვე და შეზღუდვების დაცვის ხარისხი და ტიკარაძე იმედს იტოვებს, რომ მოქალაქეები მთავრობას ხელს შეუწყობენ, მსგავსი შეზღუდვები არ გახდეს საჭირო.

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, განსხვავებით აჭარისგან თბილისში საველე კარვების დადგმა არ იგეგმება:

„საველე კარვების დადგმის საჭიროება არ გაგვაჩნია. აჭარის რეგიონში, კარვების დადგმა ტურისტების მაღალი რიცხვიდან გამომდინარე დაიგეგმა, რათა მათ ჰქონოდათ ტესტებთან თავისუფალი წვდომა. თბილისის მასშტაბით ეს შესაძლებლობები გვაქვს ამბულატორიებსა და „ცხელების ცენტრებში“, აქედან გამომდინარე მსგავსი ღონისძიება თბილისში არ იგეგმება".

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, თბილისის მასშტაბით წერტილოვანი შეზუდვები განხორციელდება და არა მხოლოდ სკოლებში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 272 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

6 პაციენტიდან 3 აჭარაში გარდაიცვალა, 2 – თბილისში, ხოლო 1 –საჩხერეში.

სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 5 734 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 ოკპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთი – ცხინვალიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S