Accentnews.ge
კავკასიის კრიზისი და საქართველო

კავკასიის კრიზისი და საქართველო

08/10/2020 08:05:57 კავკასია, ანალიზი

მიმდინარე 2020 წელი მსოფლიო პოლიტიკისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გამონაკლისი არც კავკასიის რეგიონია. აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე მოვლენები კი უშუალო კავშირშია ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამართლებრივი, სოციალური თუ გეოსტრატეგიული კომპონენტებისაგან შესდგება. მიმდინარე პროცესებში კი მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ როგორც საქართველოს როლი, ასევე მოსალოდნელი სააფრთხეები და რისკ-ფაქტორები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კავკასიის რეგიონში სიტუაცია ივლისის თვეში დაიძაბა. ამ დროს საქართველოს ორი მეზობელი სახელმწიფო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საკუთარ საზღვრებთან შეიარაღებული ძალებითდაუპირისპირდა. ამ მომენტში კონფლიქტის კერა აზერბაიჯანის თოვუზის რაიონისა და სომხეთის ტავუშის ოლქის საზღვარზე მდებარეობდა, რაც საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრითაა დაშორებული. სამხედრო დაპირისპირების სწორედ ამ არეალში მდებარეობს საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი.

  • 1. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (1770კმ).
  • 2. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი (970კმ).
  • 3. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა (825კმ)

ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ემატება ისიც, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი, მიმდინარე პროცესებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. იმისათვის, რომ შევაფასოთ თურქეთის ჩართულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა როლს ასრულებს იგი საქართველოს ეკონომიკაში. ამ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ საქართველოსთვის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით პირველი პარტნიორი თურქეთია და ასევე საერთო ბრუნვაში მას საშუალოდ 15% უჭირავს. ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აღნიშნულ კონფლიქტში თურქეთის ჩართულობის ხარისხი გარკვეულ ზემოქმედებას გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაზე, რასაც ჩვენი სახელმწიფო მომზადებული უნდა შეხვდეს. ამ სიტუაციაში თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც გარკვეულწილად კვეთს რუსეთის ინტერესებს, რომ გააძლიეროს გავლენა რეგიონში. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ იგი ნატო–ს წევრი და ეუთო–ს მინსკის ჯგუფის სახელმწიფოა. გარდა ამისა, თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას.

რაც შეეხება რუსეთს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ გვევლინება. თუმცა, მისი ინტერესი, რომ მან რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს კავკასიის რეგიონში გავლენა, უცვლელი რჩება. ჩემი დაკვირვებით, მინდა, აღვნიშნო, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც ფლობენ რეგიონში გარკვეულ ძალაუფლებას, ასევე გააჩნიათ კონფლიქტის კერების კონსერვაციის შესაძლებლობა. (საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტიც, რომ კონფლიქტის ამგვარი გამწვავება ემთხვევა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო ვნებათაღელვას).საუბარი მაქვს, სიტუაციის ერთგვარდამძიმებისა და შერბილების მექანიზმზე. მოცემულ სიტუაციაში, რუსეთის მიზანს წარმოადგენს ის, რომ შეინარჩუნოს დაძაბული ვითარება გარკვეული საზღვრების ფარგლებში, რაც მას მისცემს ისეთი პოზიციონირების საშუალებას, რომ ერთი მხრივ, თავი სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩინოს, ხოლო, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წლიურად მიჰყიდოს 2 მლრდ დოლარის ღირებულების შეტევითი სამხედრო ტექნიკა და ყველაფერ ამასთან ერთად, დიპლომატიური ფორმით იყოს ჩართული ამ ორი სახელმწიფოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის საკითხებში.

ამგვარი მოცემულობის პირობებში საქართველო, გარდა იმისა, რომ ზემოთხსენებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინში უნდა იყოს, არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები. ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც კარგი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს: თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ეს არის საქართველო. აქედან გამომდინარე, რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ რაიმე ფორმით საქართველო ჩაითრიოს ამ კონფლიქტში, კონფილქტში მყოფ, რომელიმე მხარეზე უპირატესობის მინიჭების გზით. სწორედ ამიტომ საქართველოსათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება ის, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას მიმდინარე კონფლიქტის მიმართ ნეიტრალური პოზიცია. აგრეთვე, ძალიან ძლიერად მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელიც საინფორმაციო ომს აწარმოებს სოციალურ სივრცეში გარკვეული განწყობების შესაქმნელად და მათ სამართავად, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს, რომ ოფიციალური განცხადებებისა და ოპერატიული მუშაობის შედეგად თავიდან იქნას აცილებული დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოსათვის არის რუსეთის შესაძლო მიმართვა ოფციალურ თბილისს სამხედრო დერეფნის თაობაზე, რათა რუსეთის მშვიდობისმყოფელთა საჯარისო ნაწილები ჩადგეს კონფლიქტურ ზონაში. მსგავსი ქმედება არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. საქართველოს ასეთ სიტაუციაში რეალური თავდაცვის ბერკეტი არ გააჩნია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო უნდა კოორდინირებდეს (საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს მეექვსე ფლოტის გადაადგილების საკითხზეც კი) ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან, რომ თავიდან იქნას აცილებული რუსეთისაგან მსგავსი მოთხოვნის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში საზომი არ არის ის, თუ რომელი სახელმწიფო მოითხოვს მსგავსს დერეფანს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან მიკერძოებული პოზიციის დაფიქსირება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმის ტოლფასი იქნება, რაც საქართველოს მძიმე მდგომარეობას შეუქმნის რეგიონში, ამიტომ თითოეული ნაბიჯი საყურადღებო და საფრთხილოა.

ამგვარად, საქართველოს უმთავრესი ამოცნაა: შეინარჩუნოს ნეიტრალური დამოკიდებულება, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები და ინტერესები, გამოიჩინოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის საკითხებში მეტი ინიციატივა, და აწარმოოს, როგორც სწორი დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე სწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

ავტორი: აბესალომ ყვინჩია

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S