
“გასარკვევია რა მოხდა, გამოძიება უნდა ჩავიდეს ბოლომდე - არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, თხუთმეტი წლის მერე, ზუსტად უნდა გაირკვეს ყველაფერი რა მოხდა”
07/10/2020 17:10:29 საშინაო პოლიტიკა
"მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელმაც სავარაუდოდ გაყიდა საქართველოს მიწა, ნებისმიერი გოჯი, განსაკუთრებით როცა ლაპარაკია დავით გარეჯზე, ტერიტორიაზე, სადაც მოღვაწეობდნენ დავით გარეჯელი, დოდო გარეჯელი, ილარიონ ქართველი",- ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და გაირკვეს რა მოხდა.
დეპუტატობის კანდიდატი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სააკაშვილს წამოსცდა, 70 თუ 80 მილიონის აღებას დაგვაბრალებენო, როგორც ჩანს ეს წამოცდენა შემთხვევითი იყო".
,, ამაღლების ეკლესია, რომელიც ნაციონალებმა ვითომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოაქციეს, იქ 6000 გარეჯელი ბერი აღესრულა შაჰ აბასის დროს, აღდგომის ღამეს ისე ამოწყვიტეს, რომ ერთს არ გაუგდია სანთელი ხელიდან, მარბიელმა რაზმმა ამოწყვიტა, გალობა არ შეუწყვეტიათ და ის სიწმინდეები, მათი წმინდა ნაწილები დღემდე ინახება და ეს ტერიტორია გადასცეს რაღაცა გაფუჭებული ქაღალდებით, გადამალეს უფრო სწორად ეს ქაღალდები და სააკაშვილს წამოსცდა, 70 თუ 80 მილიონის აღებას დაგვაბრალებენო. არავის არ უთქვამს, მე არ გამიგია გამოძიებისგან, როგორც ჩანს ეს წამოცდენა შემთხვევითი არ არის. მართლა გასარკვევია რა მოხდა, გამოძიება უნდა ჩავიდეს ბოლომდე - არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, თხუთმეტი წლის მერე, ზუსტად უნდა გაირკვეს ყველაფერი რა მოხდა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობასთან - აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და მიუხედავად იმისა, რომ ერთუბანი არის ქართული ისტორიული ძეგლი, ქართული კულტურის ძეგლი, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ტეროტორია არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ეს მოექცა აზერბაიჯანის საზღვრებში საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ისევ გავიმეორებ, უდაბნო ჩიჩხიტური, ჩვენ ყველამ ვიცოდით ყოველთვის, რომ ეს იყო საქართველოს ტერიტორია. დღეს ახალი რუკებით როგორც ჩანს ის, რაც ჩვენ ვიცოდით თეორიულად, მტკიცდება პრაქტიკაში, ოღონდ ეს უნდა გაირკვეს საბოლოოდ ორ მეგობარ ქვეყანას შორის მეგობრული მოლაპარაკების გზით, დელიმიტაცია- დემარკაციის მუშაობის ფარგლებში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ისტორიული სამართლიანობა აღდგება ისე როგორც ამაზე ის დოკუმენტები მეტყველებს, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებას მსვლელობისას“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.