
აშშ–ის საელჩო პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ აშშ–ის მოქალაქეებს მიმართავს
25/06/2019 07:42:40 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს.
"გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - წერს ამერიკის საელჩო twitter–ზე.
ამერიკული დიპლომატიური უწყების თანამშრომელი ერინ ჯარეტი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოს შესახებ უამბობს:
"ამ ქვეყანამ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული. ყველა ჩემს მეგობარსა და ახლობელს მოვუწოდე, #გაეტარებინათ თავიანთი ზაფხული საქართველოში და ისინი უკვე ატარებენ! ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი და ვიზიტორი მივიღეთ, ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში. საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პურტინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, მთავრობას კი რუსი ტურისტების უკან დაბრუნება დაავალა. გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო კამპანია "დავისვენოთ საქართველოში".