მოსკოვში შესაძლოა, მკაცრი შეზღუდვები შემოიღონ
05/10/2020 07:52:43 მსოფლიო
ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 10 499 პირს დაუდასტურდა, მათგან 3537 მოსკოვში გამოვლინდა.
როგორც რუსული მედია იუწყება, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მოსკოვში შესაძლოა, მკაცრი შეზღუდვები შემოიღონ.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნაბიჯები ისე გადაიდგას, რომ ბიზნესი არ გაჩერდეს", – იუწყება რუსული გამოცემა "Ведомости" რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 1 225 889 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 21 475 ადამიანი იმსხვერპლა, 982 324 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: რუსეთმა ერთი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაარეგისტრირა, ხოლო 15 ოქტომბრისთვის მეორე რუსული ვაქცინის დარეგისტრირებას გეგმავს.
10 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. მსოფლიოს რიგმა მეცნიერმა და ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შესაძლოა, საშიში იყოს.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი არ არის გამჭვირვალე – ხელისუფლება არ ასაჯაროებს ვაქცინის ტესტირების შესახებ მონაცემებს. ამასთან, ვიცით, რომ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია – ანუ იგი არ გამოსცადეს ადამიანების ფართო სპექტრზე. აქედან გამომდინარე, იგი შესაძლოა, საშიში იყოს", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა 12 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 041 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 000 000–ზე მეტი ადამიანი, 26 630 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.


