Accentnews.ge
„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

29/09/2020 19:36:25 კავკასია, ანალიზი

მესამე დღეა, ფრონტის ხაზიდან მძიმე ცნობები გვესმის: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათეულობით ადამიანი; მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ და მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, ამ ეტაპზე დაზავების ნიშნები არ ჩანს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი შიშობს, კონფლიქტის დროში გახანგრძლივების შემთხვევაში იზრდება მასში რეგიონული აქტორების ღიად ჩართვის რისკიც: ცნობილია, რომ რუსეთი როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს იარაღით ამარაგებდა; ამასთან, სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო თურქეთი გასული წლებისგან განსხვავებით, მკაფიოდ მხარდაჭერას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს.

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ კონფლიქტთან მიმართებაში ოფიციალური თბილისი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, მაგრამ ვინაიდან ცხელი კერა უშუალოდ ქვეყნის სამეზობლოშია და მის შედეგებთან გამკლავება მასაც მოუწევს, „აქცენტი“ დაინტერესდა სფეროს სპეციალისტების აზრით, რამდენად რეალურია პროცესებში ორი მსხვილი სახელმწიფოს – თურქეთისა და რუსეთის ჩართვის რისკი, რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ მოვლენების მსგავსი სცენართ განვითარებას და როგორ აისახება ეს რეგიონზე?

საქართველოში აშშ–ის ყოფილ ელჩს იან კელის არც თუ საიმედო პროგნოზი აქვს და ის არგუმენტად „აქცენტთან“ რამდენმე გარემოებას ასახელებს:

  • კომპრომისის არარსებობა;
  • არასათანადო საერთაშორისო ჩართულობა.

„ძალადობის ტალღა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ძალზე საგანგაშოა, მაგრამ გასაკვირი არ არის: არც ბაქო და არც ერევანი არ წავიდნენ პოლიტიკურ კომპრომისზე, რაც მოლაპარაკებებისთვის არის საჭირო. ეს მოვლენები [საბრძოლო მოქმედებები] შემაშფოთებელია არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის ადამიანური დანაკარგის თვალსაზრისით, არამედ რეგიონალური ვითარების შესაძლო გამწვავების გამოც: რუსეთს სომხეთის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აქვს, ერდოღანს [თურქეთის პრეზიდენტი] კი – გაცხადებული პოზიცია, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ბაქოს. ორივეს რუსეთსაც და თურქეთსაც თავიანთი მოკავშირეების მოსამარაგებლად საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენება მოუწევთ. ეს კი თბილისს საშინელ მდგომარეობაში ჩააყენებს.

აშშ მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების პროცესის 3 თანათავმჯდომარედან ერთ – ერთია. იმედგაცრუებული ვარ ვაშინგტონის სუსტი ჩართულობით და ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციის ნაკლებობით. ასეთი ხელმძღვანელობის არარსებობის გამო სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ძალადობა მალე დასრულდება",– განუცხადა „აქცენტს“ იან კელიმ.

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი მარგარიტა ასენოვა ვარაუდობს, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობასთან მიმართებაში ფრთხილ პოზციას შეინარჩუნებს.

ასენოვა განმარტავს, რომ თურქეთი ნატო–ს წევრი სახელმწიფოა და სამხედრო ოპერაციებში მისი ჩაბმა ნატო–სა და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს შორის ფაქტობრივ შეტაკებასაც ნიშნავს.

„რუსეთი, ირანი და თურქეთი მთიანი ყარაბაღის ომში ამა თუ იმ ფორმით უკვე მონაწილეობენ. რუსეთი სომხეთს იარაღს აწვდიდა ირანის გავლით ივლისის [2020 წლის ზაფხულში სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარეობდა შეტაკებები] ბრძოლების შემდეგაც. რუსეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს ჩაერიოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის მხარდასაჭერად: ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია. თუმცა, რუსეთს ამჟამად კავკასიის ყოვლისმომცველი ომის მიმართ ინტერესი არ გააჩნია – მას ძალიან ბევრი საშინაო პრობლემა აქვს და ნავალნის [რუსი ოპოზიციონერი] მოწამლვის გამო, ახალი სანქციები ემუქრება. ამის მიუხედავად, მოსკოვი მაინც შეეცდება, ისარგებლოს პოტენციური ცეცხლის შეწყვეტით და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება მოითხოვოს.

ცნობილია, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს, მაგრამ არ არის ნათელი, გაუწია თუ არა მან სამხედრო დახმარება ბაქოს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ბევრი ჭორი არსებობს, მაგრამ არც ერთი არ არის დადასტურებული. ცოტა ხნის წინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქულმა F-16- მა სომხეთის თვითმფრინავი სომხეთის ტერიტორიაზე ესროლა, მაგრამ ეს ცნობა უარყო თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც.

ვფიქრობ, რომ თურქეთი ძალიან ფრთხილად იმოქმედებს, რათა უშუალო მონაწილეობა არ მიიღოს ნებისმიერ საბრძოლო მოქმედებაში. რადგან თუ NATO–ს წევრი თურქეთი ჩაერთო სამხედრო ოპერაციებში, ეს ნიშნავს ფაქტობრივ შეტაკებას ნატო–სა და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს შორის“,– განუცხადა „აქცენტს“ ექსპერტმა.

რეკომენდაციები საქართველოსთვის

ასენოვას აზრით, ამჟამად საუკეთესო ვარიანტია, „შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად აიღოს ხელმძღვანელობა (მინსკის ჯგუფის წარუმატებელი ფორმატის მიღმა), რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ რაც მთავარია, მოითხოვოს ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ტერიტორიული მთლიანობა და სრული ეთნიკურ უფლებები ორივე მხარის მიერ იქნება აღიარებული“. ამ კონტექსტში ექსპერტი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„საქართველო კავკასიაში ცენტრალურ და განუყოფელ როლს ასრულებს: საქართველო ერთადერთი კავკასიური სახელმწიფოა, რომელთანაც აზერბაიჯანი და სომხეთი დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ – ეს ქვეყანა სომხეთისთვის ერთადერთი კავშირია დანარჩენ მსოფლიოსთან, რადგან სომხეთის ურთიერთობები ირანთან უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ერევანისთვის, ვიდრე სარგებელი. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისთვის საქართველო ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გასასვლელი გზაა: ნავთობისა და გაზის დერეფნები საქართველოს ტერიტორიაზე გადის – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო და მაგისტრალური კომუნიკაციები საქართველოს ტერიტორიაზე გავლით, შემდეგ ევროპისკენ მიემართება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ კონფლიქტის მოგვარება საჭიროა, რაც შეიძლება მალე და იმგვარად, რომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას - ტერიტორიულ მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა კომპრომისის გზით უნდა მოხდეს. ვიმეორებ, მშვიდობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მექანიზმის შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. საქართველოს აქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, ამ პროცესში შეასრულოს კონსტრუქციული როლი, რადგან ეს არ აძლევს მოსკოვს საშუალებას გამოიყენოს ქართველი ლიდერები თავისი მიზნების მხარდასაჭერად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S