
"მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის"
28/09/2020 10:00:53 კავკასია, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა".
მისი თქმით, "ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ".
"აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოფიციალურ თბილისი აღნიშნულ კონფლიქტთან მიმართებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. საქართველოს არაერთხელ აქვს დეკლარირებული, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას და იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“. ამავე დროს, ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, „მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის“. „ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, – წერია განცხადებაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმაც გამოაცხადა, რომ შეშფოთებულია შეტაკებების განახლებით: „მოვუწოდებთ [მხარეებს] მშვიდობიანობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, – დაწერა მან "ტვიტერში" პირად გვერდზე. .