
ვითარება ყარაბაღში: ბაქო "ტერიტორიების გათავისუფლების" შესახებ იუწყება
28/09/2020 05:23:27 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არმიის ქვედანაყოფები განაგრძობენ შეტევას სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.
როგორც სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით „ათამდე სოფელია გათავისუფლებულია და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე“.
აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ტალიშთან მოკლული და დაჭრილია სომხეთის არმიის 550-ზე მეტი სამხედრო; სხვადასხვა მიმართულებით განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი, 15 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.
აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, მოკლულია სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მეთაური ლერნიკ ბაბაიანი.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 200-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო და განადგურებულია მოწინააღმდეგის 30 ტანკი და 20 უპილოტო აპარატი.
ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას. მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა კი განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ იბრძვის არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი.
არუთუნიანმა აღიარა, რომ პოზიციები დაკარგეს სამხრეთში, ძირითადად, სოფელ ტალიშის მიმართულებით და ჰყავთ ათეულობით დაღუპული.
არაიკ არუთუნიანის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია არა მხოლოდ თურქეთის უპილოტო აპარატები და თვითმფრინავები, არამედ სამხედრო შენაერთებიც და დაქირავებული შეიარაღებული პირები და მოხალისეები სხვა ქვეყნებიდან, მაშინ როცა მთიანი ყარაბაღი მხოლოდ თავის ძალებს იყენებს და მოხალისეებიც მხოლოდ სომხეთიდან იქნებიან.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმციით, თავდაცვის არმიამ თურქული თვითმფრინავი F-16 ჩამოაგდო.
„ჩვენ დავკარგეთ პოზიციები და კიდევ დავკარგავთ. მაგრამ პოზიციებსაც აუცილებლად დავიკავებთ. მტრის გეგმა ჩაიშლება“, - განაცხადა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერმა.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის დილით განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. კვირას ორივე მხარე იუწყებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
საერთაშორისო რეაქცია
გაერო–ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებას დაუბრუნდნენ. გაეროს ინფორმაციით, დეესკალაციის მიზნით, გენერალურ მდივანს კონტაქტი აქვს სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან.
მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ წევრებმაც - საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ–მა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ტრამპის თქმით, აშშ-ს რეგიონში კარგი კავშირები აქვს: „ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის შეჩერებას[საბრძოლო მოქმედებების]“.
არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, გაცილებით ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. ბაიდენმა თეთრ სახლს მოუწოდა, კონფლიქტის ზონაში მეტი დამკვირვებელი გაგზავნოს.
ჯო ბაიდენმა რუსეთს მიმართა, შეწყვიტოს კონფლიქტის ორივე მხარისთვის შეიარაღების ცინიკურად მიწოდება.
ცნობისთვის: წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება მეორედ დაიძაბა: შეიარაღებული დაპირისპირება უშუალოდ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისში რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინციდენტი იყო. მას ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. მხარეებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთმანეთს დააკისრეს.