ქართულმა მხარემ ერგნეთში მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი დააყენა

24-09-2020 18:07:34 სამართალი

ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების ერგნეთის შეხვედრაზე ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი დასვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხის განხილვის შემდეგ ცხინვალელი მონაწილეები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ:

„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტივისტი იდევნება უკვე რამდენიმე წლის მანძილზე და მოვითხოვეთ რომ იქნას შეწყვეტილი დევნა და ასევე ეს საკითხი, სხვათაშორის, არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ამ საკითხზე საქმის კურსში არიან ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - განაცხადა ანთაძემ.

23 სექტემბერს თამარ მეარაყიშვილის დახმარებისა და მისი დევნისა და შევიწროვების საკითხის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დაყენების მოწოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მიმართა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება, სადამსჯელო მექანიზმად კი მისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიყენა.

რამდენიმე წელია, დე ფაქტო ხელისუფლება მეარაყიშვილს აქტიურობისა და კრიტიკული პოზიციის გამო დევნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები