ანთაძის განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებს

24-09-2020 17:38:37 კონფლიქტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრ დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ამ პროცესში ჩართული ყველა უწყების დიდი მუშაობის შედეგია. მას ხვალ გაათავისუფლებენ. ასე იყო გაცხადებული შეხვედრაზე. ჩვენ ვმუშაობთ რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს, რაც შეიძლება მალე", – განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, ანთაძემ აღნიშნა, რომ დანაჩენ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.

"გვითხრეს, რომ ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და დაგვპირდნენ, მოგვაწვდიან ინფორმაციას რა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება მას", – დასძინა მან.

ცნობისთვის: 21 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ იგი დამნაშავედ სცნო რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 322-ე - "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" მუხლით გათვალისწინებუ ქმედებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, "იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები