ოკუპირებული აფხაზეთი COVID-19–ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას შეისყიდის

24-09-2020 16:04:28 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთი COVID-19–ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას შეისყიდის. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის შესყიდვა დე ფაქტო უწყების სახსრებით მოხდება.

„სიტყვიერად მივმართეთ რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით, რადგან ჯერ არ არის დასრულებული მასზე მუშაობის მესამე ეტაპი და ის, რუსეთშიც ფართომასშტაბიან ჯერ არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივმართეთ რუსეთს თხოვნით, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, სურვილის შემთხვევაში ვაქცინაცია შეძლონ. ველოდებით დაახლოებით 15-20 ათას ვაქცინას. ვაქცინაცია იქნება უფასო“, - განაცხადა ცახნაკიამ.

ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 პაციენტი, 8 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: 10 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. მსოფლიოს რიგმა მეცნიერმა და ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შესაძლოა, საშიში იყოს.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი არ არის გამჭვირვალე – ხელისუფლება არ ასაჯაროებს ვაქცინის ტესტირების შესახებ მონაცემებს. ამასთან, ვიცით, რომ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია – ანუ იგი არ გამოსცადეს ადამიანების ფართო სპექტრზე. აქედან გამომდინარე, იგი შესაძლოა, საშიში იყოს", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა 12 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები