"დევი ჭანკოტაძე იქნება ჩვენი სიის ერთ-ერთი ლიდერი"

24-09-2020 13:21:06 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, "ძალა ერთობაშიას" პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გენერალი დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად მოაზრებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" სიის ერთერთი ლიდერი" იქნება.

სააკაშვილის თქმით, "ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ძალიან ძლიერი გუნდი" წარადგინა:

"აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია, აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის ნიშანი, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი - სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ზოგადად, შემოქმედებით პროფესიებში. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი. თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთერთი მთავარი ლიდერი. ის, რომ დევი ჩვენთანაა, ეს ნიშანია, რომ გამარჯვებისკენ მივდივართ და აუცილებლად გვექნება გამარჯვება".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მისი საარჩევნო ბილბორდებიც იყო გამოფენილი. მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინეს.

თავად დევი ჭანკოტაძეს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები