ჰარცელი – არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე: "შიდა საინფორმაციო სივრცე უნდა იყოს ობიექტური"

24-09-2020 13:08:06 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"საჭიროა ფხიზლად ყოფნა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ობიექტური ინფორმაციით", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ვერ ვიტყოდი, რომ ამის აშკარა, გამოკვეთილი სამხილი გვაქვს. როგორც მანამდე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ფხიზლად ყოფნა, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერი საგარეო აქტორის მცდელობას, მოახდინოს საარჩევნო კამპანიის დეფორმირება. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ასევე, ევროკავშირის დღის წესრიგში. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის, აშშ-ის არჩევნები, მცდელობები, მოეხდინათ საინფორმაციო სივრცის დეფორმირება. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რასაც ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, შიდა საინფორმაციო სივრცე იყოს რაც შეიძლება ობიექტური", - აცხადებს ჰარცელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები