საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ერგეთში მსჯელობენ

24-09-2020 11:28:02 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოფელ ნიქოზთან, ხურვალეთსა და ატოცთან რუსი სამხედროების მიერ უკანონო ქმედებებს გააპროტესტებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.

„განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტულია უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც გარკვეული ქმედებების გამო არის უაღრესად დაზიანებული. ამ კონტექსტში მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე. ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ყველა თანმდევ პროცესზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით. დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს, რომელიც რამდენიმე წელია, დაუსაბუთებელი ბრალდებებით განიცდის დევნას. აღნიშნული საკითხი არაერთხელ გაჟღერებულა, როგორც ამ ფორმატში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, დღეს გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შემდეგი პროცესების შესახებ ინფორმაცია. ე.წ. სასამართლო პროცესების შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. დღეს გვექნება საშუალება, რომ ინფორმაცია მოვისმინოთ მათგან“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები