"მაჟორიტარობის გადაწყვეტილება 2 საათის წინ მივიღე, მიშას არ ვუთხარი უარი"

23-09-2020 23:14:10 საშინაო პოლიტიკა

"მაჟორიტარობის გადაწყვეტილება 2 საათის წინ მივიღე, მიშას არ ვუთხარი უარი", – ამის შესახებ გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანმა და ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

"ფაქტობრივად, 2 საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა, ვიყარო კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად. [...] პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არასოდეს ცხოვრების არცერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს... ომი ხომ ყოველთვის სხვადასხვაგვარია, პირდაპირი გაგებით ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც მთავარი ომის ხაზი გადის. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი. [...] ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც მე ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვისაც ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად – მიშას, არ ვუთხარი უარი ამ მთავარ გამოწვევაზე", – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მანამდე კანდიდატად გადამდგარი გენერალი დევი ჭანკოტაძე მოიაზრებოდა და მისი საარჩევნო ბილბორდებიც იყო გამოფენილი.

"ე.წ. ქართული ოცნების წამყვანი სპიკერების მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. პირდაპირ ვერ ბედავენ, რომ საქართველოს დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ამიტომ ბატონი დევი ჭანკოტაძე ჩვენ დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ყველა რეგიონში 2008 წლის სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიებაში დაგვეხმაროს. ბატონი დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სტუმრობისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები