„ხვალ 500 ვიქნებით!“ – ადვოკატები რამიშვილს სოლიდარობას უცხადებენ

23-09-2020 14:19:00 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატები შეიკრიბნენ. მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა ქობესაშვილი და იგეგმება რამიშვილის გამოკითხვა.

ადვოკატები რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ რამიშვილს ტელეფონი ჩამოართვეს, ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაა.
  • რაც შეეხება პროკურატურის მიერ მტკიცებულებების გაყალბების ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ადვოკატების თქმით, ამ შემთხვევაში დაზარალებულის ადვოკატი არ არის მხარე და კანონით მას არა მტკიცებულების, არამედ ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვს. ამდენად, ამ მიმართულებით საქმის აღძვრა უსაფუძვლოა.

სასამართლოს ეზოში შეკრებილი იურისტები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება კონკრეტულად არა მიხეილ რამიშვილს, არამედ გლობალურად ადვოკატთა კორპუსს ეხება და ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება რამიშვილის შესაძლო დაკავების შესახებ მოლოდინს, მაგალითად ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ამ პროფესიის დისკრედიტაციის მცდელობას ადვოკატები არ შეეგუებიან.

„არ მგონია, რომ დაკავება, ან ბრალის წარდგენა გაბედონ. თუ გაბედეს, დღეს 100 ადვოკატი ვართ და ხვალ 500 გამოვალთ“,– აღნიშნა კობაიძემ.

სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები. თავად რამიშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მას „წითელი ბარათი“ უჩვენა და ცდილობს, საქმეს ჩამოაშოროს.

თავად ქობესაშვილმა გამოკითხვას ფორმალობა უწოდა:

"გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცი. მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რადგან რა ინფორმაციასაც ვფლობ, გამოძიებისთვის მიწოდებული მაქვს. ეს ფოტოები პირდაპირ ეთერში ვნახე და ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მივიღე. ასევე ვიცოდი, რომ მიხეილ რამიშვილს ჰყავდა წყარო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ფოტოების ავთენტურობაზე.

დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო. ვფიქრობ, ეს დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო.

პროცესს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებადაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ისინი ჩემი წარმომადგენლები იყვნენ. მათ არაერთი შუამდგომლობა და დარღვევაზე მითითება ჰქონდათ პროცესთან დაკავშირებით. დარღვევა ძირითადად ეხებოდა იმას, რომ პროკურატურას ჩემი საქმიანობის საიდუმლოება აინტერესებდა, როდის დავუკავშირდი ბაჩალიაშვილის ოჯახს, როდის ჩავერთე და რა საუბრები გვქონდა საქმესთან დაკავშირებით მე და მიხეილ რამიშვილს. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არანაირი ფოტო არ არსებობს და წარმოდგენილი ფოტოები ყალბია. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ზეწოლა განახორციელოს მიხეილ რამიშვილზე და ამ საქმეზე ბრძოლის შესუსტება მოხდეს", - განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის: პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიკიფაციიის საქმესაც იკვლევს. საქმე სატელიტით გადაღებულ ფოტოებს ეხება, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა. აღნიშნული მასალის მიხედვით, 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული იყო.

მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე და რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. დაკითხვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ ფურცხვანიძემ ფოტომასალის მიმწოდებელი წყაროს ვინაობა კვლავ ვერ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი ხუთი დღის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

განახლება

პროკურორი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით რომელიმე კონკრეტული პირის, მათ შორის მიხეილ რამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს და სამართლებრივი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

"არ მინდა შევაფასო ისე, რომ გარკვეულწილად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ, გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით ამ საქმეში პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც მიხეილ რამიშვილის, არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში და განვმარტავთ, იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენ ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პროკურორმა.

როგორც გურგენიძე ამბობს, რამიშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატია, ამიტომ მის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი მასალები მტკიცებულებად შეიძლება იქნეს განხილული და არა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციად.

"მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები, მოითხოვა ამ ფოტოსურათების საქმეზე დართვა როგორც მტკიცებულება. რამიშვილი ამ საქმეზე გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი და სხვა მოცემულობას ვერ მივიღებთ. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, როგორც ადვოკატმა, მოიტანა ჩვენთან ფოტოსურათები და მოითხოვა, მიგვეღო მოცემულობად. ითხოვდა, შეგვესწავლა გარემოება გამომდინარე იქედან, რომ ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სხვა რა განმარტებას აკეთებს დამცველი ადვოკატი, ამაზე ინფორმირებული არ ვართ", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები