ფონიჭალაში 11 პირი დააკავეს

23-09-2020 11:16:58 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან აყვანილები და ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. აღნიშნული დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს–ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები