რატომ არ სურს ორ მეგობარ დიქტატორს  ბელარუსი ხალხის ხმის გაგონება

22-09-2020 17:19:05 ანალიზი

ბელარუსში ვნებათაღელვა არ წყდება და საპროტესტო აქციებიც გრძელდება. 20 სექტემბერს მინსკში აქციის მიმდინარეობისას 442 ადამიანი დააკავეს, რაც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინიტროს სპიკერმა, ოლგა ჩემოდანოვამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემას დაუდასტურა. საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობას 20 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა.

ლუკაშენკო რომ ხალხის არჩევანს არ წარმოადგენს, ეს უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, თუმცა ვლადიმერ პუტინი 14 სექტემბერს მას სოჭში მაინც შეხვდა და დაპირებებიც მისცა. „მარადმწვანე“ ლიდერები დახურულ კარს მიღმა ოთხი საათის განმავლობაში განიხილავდნენ ბელარუსის მომავალს და ალბათ იმ გეგმებსაც სახავდნენ, რაც ტრადიციულად არცერთი ქვეყნის მოსახლეობისთვის არ იქნება სასარგებლო. გაირკვა, რომ ოფიციალური მოსკოვი მინსკს სესხის სახით 1,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ფინანსური დამოკიდებულებით ქვეყნის კონტროლი ოფიციალური კრემლის ტრადიციული ტაქტიკაა. პუტინი ლუკაშენკოს „პრეზიდენტობას“ გადაარჩენს. ის კი, ცხოვრების ბოლომდე ვალში იქნება და ახლა ბელარუსს რუსეთის გუბერნიობამდე ნახევარი ნაბიჯი აშორებს.

საინტერესოა, რომ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვლადიმერ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ სამწუხარო იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დიალოგი ჰქონოდა უზურპატორთან და არა ხალხთან.

პოლიტოლოგი ალექსანდრ კლასკოვსკი „ბიბისი“-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინი ლუკაშენკოს თანამდებობაზე დარჩენას მხარს უჭერს, რადგან ოფიციალური მოსკოვი რუსეთის საზღვართან ქუჩის საპროტესტო აქციებით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტს ვერ დაუშვებს. ის ფიქრობს, რომ რადგან საპროტესტო მუხტი გადამდებია, კრემლს იმის ეშინია, რომ არ მისცეს დამატებითი ბიძგი საკუთარ უკვე ძალიან დაღლილ ხალხს, რათა მათ რუსი უზურპატორის- პუტინის გადადგომაც ასე აქტიურად არ მოითხოვონ.

რუსეთის მხარდაჭერილ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. უკვე მმართველობის მესამე ათწლეულში გადასული ლუკაშენკოს ისევ თანამდებობაზე დარჩენის გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, ათასობით ადამიანი კი დააკავა. საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ყურადღებით აკვირდება ევროკავშირიც, რომელმაც ჩატარებული არჩევნები არ აღიარა და ლუკაშენკოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების იდეაც გააჟღერა.

"ევროკავშირს ბელარუსის მიმართ ახალი მიდგომა სჭირდება, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმთან ნებისმიერი თანამშრომლობის შეწყვეტას გულისხმობს", — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში პროდემოკრატიული ძალების გაერთიანების მიზნით ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა დაანონსა. კრემლი ტრადიციულად არაფრად აგდებს ხალხის მოთხოვნას და ლუკაშენკოს მხარდაჭერას აგრძელებს, მეტიც მოსკოვი დასავლეთს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებს. ფაქტი კი ერთია, 9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსი ხალხის პროტესტი სხადასხვა ფორმით არცერთი დღით არ შეწყვეტილა და მათი ხმა ესმის ყველას, ორი მეგობარი დიქტატორის გარდა.

ქეთევან ინწკირველი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები